ამირან გამყრელიძე რუსთავში

2021-04-23 17:31:52

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გაძლიერებისა და ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით, რეგიონებში ვიზიტებს აგრძელებს. დღეს გამყრელიძე რუსთავში იმყოფებოდა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს, რუსთავისა და რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილორბივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და კლინიკა „რუსთავში“ იმყოფებოდა. კლინიკა "რუსთავში" ის ვაქცინაციის პროცესს, ცენტრლურ საავადმყოფოში კი, კოვიდგანყოფილებებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

გამყრელიძემ, შეხვედრების დასასრულს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

როგორც ამირან გამყრელიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მოეწონა და რა არ მოეწონა მას რუსთავში ვიზიტის დროს, ქვემო ქართლში ეპიდსიტუაცია სხვა რეგიონებთან შედარებით სტაბილურია, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.

"რუსთავში და ქვემო ქართლში, ზოგადად, სხვა რეგიონებთან შედარებით სიტუაცია უფრო კონტროლირებადი და მშვიდია, მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. საჭიროა, მეტი პრევენციული ღონისძიებები, ანუ გავამკაცროთ კონტროლი აღსრულებაზე და მეორეს მხრივ, უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაცია.

თქვენ გთხოვთ, ადგილობრივ ტელევიზიებს, დაუთმოთ მეტი დრო ექიმებს, რომ ისაუბრონ მოსახლეობასთან ვაქცინაციის სიკეთების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მაისიდან მეტად გაიშლება რუსთავში და ყველა მუნიციპალიტეტში, აცრის პორცესი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვემო ქართლში დღეში საჭირო იქნება 1000-1200 აცრა, რომლის ყველაზე დიდი ნაწილიც რუსთავზე მოვა.

"დღეს ვიყავით ერთ-ერთ ცენტრში, სადაც ძალიან კარგად არის აწყობილი იმუნიზაციის პროცესი და კარგია, რომ იქ არის გაფართოების საშუალება. ჩვენ ქვემო ქართლში დაგვჭირდება დღეში 1000-1200 ცოტა მეტი აცრა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ნაწილი მოვა რუსთავზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.