გამწვანების აქცია რუსთავის ბაგა-ბაღის ეზოში [photo]

2021-04-16 16:20:08

რუსთავში, 31-ე ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო.

გამწვანების აქციის ფარგლებში, სააღმზრდელო დაწესებულების ტერიტორიაზე 55 -მდე აკაციის ხე დარგეს.

აქტივობაში მონაწილეობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა და აღსაზრდელებმა მიიღეს.

ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავში არსებული საბავშვო ბაღების ტერიტორიები საკმაოდ გაუმწვანებელია.

"რუსთავში გრძელდება გამწვანების აქციები. მე, როგორც ეკო მოხალისე, რა თქმა უნდა, აქტიურად ვარ ჩართული. რუსთავში არსებული საბავშვო ბაღების ტერიტორიები საკმაოდ გაუმწვანებელია და სწორედ ამ პრინციპით შეირჩა ბაღი, სადაც დღეს ვართ. გვინდა, რომ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების ტერიტორია იყოს მწვანე, იყოს რაც შეიძლება მეტი ხე იმიტომ, რომ სწორედ აქ იზრდებიან ჩვენი შვილები და პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ სუფთა ჰაერი და ბევრი ლამაზი სივრცე", - განაცხადა პარლამენტის წევრმა ნინო ლაცაბიძემ. 

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, გამწვანების აქცია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა.

"ჩვენ როგორც დავაანონსეთ, ეკო რუსთავი არ წყვეტს აქციებს და აბსოლუტურად განსაზღვრული აქვს როგორც სამოქალაქო აქტივისტებს, ისე მუნიციპალიტეტს, რომ ყველა სექტორში, ყველა ადგილზე მივიდეთ და განვახორციელოთ გამწვანების აქცია. დღეს ვიმყოფებით 31-ე საბავშვო ბაღში, სადაც 5-6 წლიან ჯგუფთან ერთად მწვანე ნარგავები დავრგეთ.დიდი იმედი გვაქვს, რომ თაობებიც შეუერთდებიან ამას და მალე ვნახავთ გამწვანებულ ადგილს, ერთ კარგ რეკრეაციულ სივრცეს ამ დიდ ბაღში", - განაცხადა ტაბაღუამ.