დედაენის დღე რუსთავში [photo]

2021-04-14 16:25:54

14 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაენის დღეს აღნიშნავენ.

ამ თარიღთან დაკავშირებით რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლის ფოიეში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, საკრებულოს წევრები და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი დავით შანიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს ანსამბლმა "თუთარჩელამ" და საბალეტო სტუდიის მოსწავლეებმა. ღონისძიება მხატვრულად გააფორმეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა.

სახელოვნებო სკოლის ფოიეში რუსთაველი კალიგრაფისტის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შესრულებული ქართული ანბანის გამოფენაც მოეწყო.

ცნობისთვის, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები