ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მდინარე რიონში მაშველები უკვე მეორე დღეა ეძებენ, რუსთაველი ნიკა ანთიძეა.
27 წლის რუსთაველს დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მამა კი ემიგრანტია და ამერიკაში იმყოფება. ბიჭი რუსთავში ბებიასთან ერთად ცხოვრობს.
ნიკა ანთიძე ნამოხვანში "ნამოხვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.
10 მარტს ნიკა ანთიძემ ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
მის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.