მდინარე რიონში რუსთაველ ბიჭს ეძებენ

2021-04-11 13:23:09

მდინარე რიონში ახალგაზრდა რუსთაველ მამაკაცს ეძებენ.

29 წლის ბიჭი სოფელ ნამოხვანში "ნამოხვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა. რიონის მცველების განცხადებით, ახალგაზრდა კაცი მათ პროტესტს 2 დღის წინ შეუერთდა და მას კარგად არ იცნობდნენ.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცმა მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

29 წლის ბიჭის სამძებრო პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.