2021-04-09 17:29:37
რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგგენლებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
მემორიალი ყვავილებით რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის პირველმა მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა შეამკეს.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, სწორედ 9 აპრილის ღამეს გადაწყდა, რომ საქართველოს მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა და ეს გზა დამოუკიდებლობაზე გადიოდა.
,,30 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მანამდე, 2 წლით ადრე, 9 აპრილის ღამეს დაღუპულმა ჩვენი ქვეყნის გმირებმა, საქართველოს ახალი ისტორია დაწერეს. სწორედ იმ ღამეს გადავწყვიტეთ ყველამ ერთად, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა და ეს გზა დამოუკიდებლობაზე გადიოდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის, მადლობა დამოუკიდებლობისთვის“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპული გმირების და 32 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ღამის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
ანსამბლმა ,,მე რუსთველმა“ ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა - ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ შეასრულა.
1989 წლის 9 აპრილიდან 32 წელი გავიდა. ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილ მოსახლეობას საბჭოთა არმია დაუპირისპირდა. აქციის დაშლის დროს დაიღუპა 21 და დაშავდა ასობით ადამიანი.
0