ღონისძიება რუსთავი #4 საჯარო სკოლაში [photo]

2021-04-08 14:41:44

რუსთავის #4 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე მოეწყო მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ტკბილ-მწარე თავისუფლება" ჩვენება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, მამუკა ხამხაძის თქმით, 9 აპრილის თემატიკასთან დაკავშირებული აქტივობები სკოლაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"9 აპრილს სრულდება 30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ამასთან დაკავშირებით სკოლამ მოაწყო კვირეული. 1-ელი კლასიდან დაწყებული მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწავლეებმა დაამზადეს ემბლემები, ეს არის ჩვენი მე-6 კლასელი მოსწავლის, გიორგი გველესიანის ინიციატივა, რომ გამოესახა საქართველო, 9 აპრილი და ჩვენი დაკარგული ტერიტორიები ასეთი სახით. ბავშვებმა დაამზადეს თავის ხელით და გაიკეთეს. გარდა ამისა, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, ეს იყო ესეების კონკურსი, განსაკუთრებით მინდა გამოვყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოამზადეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი სცენარით, რეჟისურით და საერთოდ ყველაფრით. ფილმი არის ამ 30 წელთან დაკავშირებით, რა გზა გაიარა საქართველომ და იმ გმირების თავგანწირვას შეეხნენ, რომელზეც დგას ჩვენი თავისუფლება. ასევე სხვა უფროსი კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ლიტერატურული მონტაჟი. ყველაზე კარგი, რაც ამ შემთხვევაში არის, ბავშვებმა იმდენად აიტაცეს, რომ აღენიშნათ და გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება თავისუფლების იდეის და 9 აპრილის ტრაგედიისადმი, რომ ეროვნული ფორმების ჩაცმა შევთავაზეთ და მათი დიდი ნაწილი ეროვნული ფორმებით მოვიდა. ბავშვები მთელი ამ დღეების განმავლობაში ნახავენ ამ დოკუმენტურ ფილმს, მოისმენენ იმ ლიტერატურულ-ისტორიულ მონტაჟს, რომლითაც გაეცნობიან და ემოციის დონეზე შეიგრძნობენ ჩვენს ტკივილიან ისტორიას და თავისუფლებისთვის ბრძოლას", - განაცხადა ხამხაძემ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე კახა გურული და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.