"სტუმარ-მასპინძლი" - პრემიერა რუსთავის თეატრში [photo/video]

2021-04-04 21:11:32

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრმა ახალი სეზონი გახსნა. [ვიდეო/video]

თეატრში ვაშა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგა.

როგორც "ინფო რუსთავს" დამდგმელმა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ განუცხადა, სპექტაკლი მოდერნიზებულია და უფრო მეტად ახალგაზრდა თაობაზე მორგებულია.

"სპექტაკლი არის შეძლებისდაგვარად მოდერნიზებული და ეს იგრძნობა მსახიობის თამაშის მანერაში. ასევე მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისით. ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს იქნება მოდერნიზებული სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძლის"  მიხედვით. ყველაზე მთავარი რაც იქნება, ახალგაზრდებს უნდა დააინტერესოს ამ სპექტაკლმა, რადგან ძირითადი აქცენტები მოზარდებზეა გათვლილი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ.

ნემსაძის თქმით, რუსთავის თეატრის დასი "კუკარაჩას" სპექტაკლისთვის ემზადება, რომლის პრემიერაც ახლო მომავალში შედგება.

თეატრში "სტუმარ-მასპინძლის" პრემიერა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად გაიმართა. სპექტაკლის სანახავად მისული მაყურებელი თითო სკამის გამოტოვებით პირბადეებით ისხდა.