რუსთავში ლიტერატურული სკვერი გაიხსნა [photo]

2021-04-03 18:35:49

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული "ლიტერატურული სკვერი" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი, ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთაველი დეპუტატი პარლამენტში ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ლიტერატურული სკვერის რეაბილიტაცია მარტის თვეში დასრულდა.

პროექტი ორ სხვა მცირე რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, 200 000 ლარით დაფინანსდა.

სკვერი თავისი კონცეფციით, განსხვავებულია რუსთავში არსებული სხვა რეკრეაციული სივრცეებისგან.

ტერიტორიაზე განთავსებულია ორიგინალური დეკორაციული სკამები, რომლებიც ზედხედიდან ქართული ანბანის ასოებს განასახიერებს. ასევე, ზაფხულში რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება ლიტერატურული თარო, სადაც წიგნებს განათავსებენ.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ გუმბათსაც.

სკვერის მოწყობის იდეა რუსთავის საკრებულოს წევრს, ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნული სივრცის არსებობის მთავარი მიზანი ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა.