ტაბაღუა და ლაცაბიძე რუსთაველ მოვაჭრეებზე

2020-12-25 15:16:24

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეების პროტესტს შეეხებოდა, განაცხადა, რომ პრობლემა გლობალურია და ტანსაცმლის რეალიზაციის არაერთი ფორმატი არსებობს.

ტაბაღუას თქმით, მოვაჭრეებმა, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე ონლაინ ვაჭრობასთან ადაპტაცია უჭირთ, დახმარებისთვის შვილებს უნდა მიმართონ.

"ამ პირებს აქვთ გარკვეული სახის კონპენსაცია სახელმწიფოდან, რომელსაც რეგისტრაციის შემდგომ მიიღებენ, უბრალოდ მათთვის ეს თანხა არის დაბალი და მიუღებელი. სახელმწიფო პროგრამით კიდევ ეს არ არის ერთ თვეზე გათვლილი, გათვლილია რამდენიმე თვეზე. კანონი ამ ეტაპზე ზღუდავს ამ ტიპის საქმიანობას და შესაბამის კონპენსაციასაც იღებენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ცოტა უფრო გლობალური და მასშტაბურია. ერთი ობიექტი არ არის ხომ საქართველოში, ძალიან ბევრი ობიექტია ამ მდგომარეობაში. თუმცაღა, არ იკრძალება სხვადასხვა მომსახურებები, რომლებსაც ფაქტიურად ვერ ახორციელებს მოვაჭრეების ეს კატეგორია. არის ძალიან ბევრი ფორმატი ტანსაცმლის რეალიზაციის, თუმცა ადაპტაცია უჭირთ. შეუძლებელია არაფერი არ არის, შეიძლება ასაკიდან გამომდინარე არ ჰქონდეს ტექნიკასთან ურთიერთობა ადამიანს, მაგრამ შვილი ჰყავდეს და ამ კუთხით ჩვენს საზოგადოებასაც თავისუფლად შეუძლია მიეხმაროს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

"ინფო რუსთავმა" მოვაჭრეების პროტესტზე კითხვა რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატს, ნინო ლაცაბიძესაც დაუსვა. ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონია არა მარტო რუსთავსა და ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

"ჩემთვისაც ძალიან რთულია, დღეს ქალაქში მძიმე სოციალური პრობლემებია კოვიდიდან გამომდინარე. ეს არ არის მარტო ჩვენს ქალაქში და მარტო ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მსოფლიო გამოწვევა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ ვაჭრობაზე ცოტა რთულია გადასვლა იმ ტიპის მოვაჭრეებისთვის, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია, ასევე ჰქონდა ბაზრის დირექტორთან შეხვედრა და მეც ჩავერთვები აღნიშნულ საკითხში", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. სტამბოლის ბაზრაზრის ტანსაცმლის სექციაში დასაქმებულმა მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღით მუშაობის უფლება მოითხოვდნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები