რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და სხვა სავაჭრო ობიექტების მსგავსად, ბაზრის ტანსაცმლის სექციის გახსნაც მოითხოვეს.
მათი თქმით, 2 იანვრამდე ფუნქციონირების საშუალება თუ ტანსაცმლით მოვაჭრეებსაც არ მიეცათ, იმ ვალების დაფარვას, რომელიც ზამთრის პროდუქციის შესაძენად აქვთ აღებული, ვეღარ მოახერხებენ.
"გვშია, ზამთრის ტანსაცმელი გვაქვს ამოსაყიდი, რომელიც ვალით გვაქვს წამოღებული ლილოდან. ბანკები არ გვაქცევენ ყურადღებას, გუშინ საქართველოს ბანკმა დამიბლოკა ბარათიც, რითი გადავიხადო, თუკი ვერ ვიმუშავებ. ბინაც დავკარგე, ქირით ვცხოვრობ. ჩვენც გვინდა ახალი წელი. აგერ ბატონო გარე ვაჭრობა, იკლებს ხალხი იქაურობას. ჩვენც გაგვხსნან ეს ერთი კვირა, მეტი სათქმელი არაფერი არ გვაქვს. გვქონდა მოლოდინი, რომ დღეს უნდა გავხსნილიყავით და გვემუშავა, უცებ ვიგებთ, რომ არ გვიშვებენ სამსახურში, არ გვიხსნიან მაღაზიებს. მარტო ჩვენ ვართ კორონას გამავრცელებლები?", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
მოვაჭრეები ასევე აცხადებენ, რომ ჯერჯერობით 300 ლარიანი კონპენსაცებიც არ აუღიათ, თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს თანხა მათ უმუშევრობით გამოწვეულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეუმსუბუქებს.
აქციის მონაწილეები, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რუსთავის შემოსასვლელის გადაკეტვას აანონსებენ და აცხადებენ, რომ: "დავანთებთ კოცონებს და საახალწლო დღეებს რუსთავის შემოსასვლელში გავატარებთ".