"არ მოგვატყუონ 130 000 ადამიანი"

2020-12-21 19:59:48

სამოქალაქო საზოგადოება "გავიგუდეთ-ს" წევრებმა მთავრობის კანცელარიასა და პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფომანსი გამართეს.

რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა აღამასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების შენობებზე პროექტორის მეშვეობით მათ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

"კანცელარიაში იმყოფება ბატონი პრემიერი და ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუსთავსა და ქალაქში არსებულ რეალობას შეეხება, ვაჩვენეთ თბილისელ საზოგადოებას. პრემიერსაც შევახსენეთ, რომ დაპირებული კანონპროექტი, რომელი 2021 წლის 1 იანვარს ძალაში უნდა შევიდეს, დაჩქარდეს და მიიღონ ვადებში. არ მოგვატყუონ 130 000 ადამიანი და მათ შორის მთელი საქართველი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" "გავიგუდეთ-ს" აქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აგვისტოში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძის წარდგენისას რუსთაველებს დაპირდა, რომ ქალაქს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნებოდა.

კანონპროექტი, რომლის მიღებასაც რუსთაველი აქტივისტები ითხოვენ, "გავიგუდეთ-ს" წევრებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შეადგინეს.

კანონპროექტის მიხედვით გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის ახალი სანქციები წესდება და იზრდება ჯარიმის თანხაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები