"სამართლიანი გაბრაზებაა, რომ ეკოლოგია არის მისახედი" [video]

2020-08-17 21:58:11

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე საზეიმოდ წარადგინა. [ვიდეო/video]

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახი კალაძე ესწრებოდნენ. 

მაჟორიტარობის კანდიდატის საზეიმო წარდგენაზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს წევრები.

სანამ პარტია რუსთაველებს ნინო ლაცაბიძეს წარუდგენდა, პრემიერმა ქალაქში ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია დაათვალიერა. ასევე მოინახულა ლეონიძის სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და ადგილზე გაეცნო სამუშაოებს.

ლეონიძის სკვერიდან კი რუსთავის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს, სადაც რუსთაველებს მაჟორიტარობის კანდიდატი  წარუდგინეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გახარია, რომელმაც ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსთაველების გაბრაზება ეკოლოგიურ პრობლემებზე აბსოლუტურად სამართლიანია.

რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერი ფუნდამენტი და ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას. რუსთავი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია და ჩვენ დღეს, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქვეყნისთვის თითოუელ სამუშაო ადგილს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უკვე განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესი, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკვე ამასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე.

ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებაზე შეკრებილ რუსთაველებს, რომელთა შორისაც ადგილობრივი ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ, სიტყვით კახი კალაძემ და არჩილ თალაკვაძემაც მიმართა.

ბოლოს კი სიტყვით მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მისი მთავარი მიმართულება იქნება.

"რუსთავი წლების განმავლობაში და იმთავითვე, როდესაც ის დაარსდა, ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.  რუსთავში იქმნებოდა და დღესაც იქმნება არაერთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე ქვეყნის ექსპორტისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მე ვფიქრობ, რომ რუსთავის სწორედ ამ პოტენციალის კიდევ უფრო კარგად გამოყენებით ჩვენ შევძლებთ რომ ის ეკონომიკური წარმატება, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო, უკვე თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს მის ოჯახში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსთავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი რუსთაველები, ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმებული არიან რუსთავის საწარმოებში, თუმცა ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკოლოგია იყოს პირველ ადგილზე ჩვენს ქალაქში და ეკონომიკის განვითარება, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს ეკოლოგიის ხარჯზე.

ეკოლოგია იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ აუცილებლად ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალაქს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ამავდროულად, ეკოლოგია იყოს მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ბავშვებისთვის",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები