რა ხდება რუსთავის კლინიკებში

2020-11-28 19:23:32

იმ ფონზე, როცა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტზე, საინტერესოა, რამდენი კოვიდსაწოლია გამოყოფილი თქვენს ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით დაინფიცირდებით, დაავადების მიმდინარეობა კი საკმაოდ მძიმე იქნება.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა ხდება რუსთავში არსებულ კლინიკებში, რომლებშიც კოვიდის მიმღები ცენტრებია განთავსებული.

ქალაქში კოვიდის მიმღები განყოფილება 2 კლინიკაშია მოწყობილი. ჯამში, რუსთავის საწოლფონდი 174 ადგილისგანაა შემდგარი.

კლინიკა "რუსთავში" 94 კოვიდსაწოლია გამოყოფილი. ამ ეტაპისთვის, თავისუფალი ადგილი სამედიცინო დაწესებულების ცხელების ზონაში, ანუ მიმღებში რჩება, სადაც თავსდებიან საეჭვო პაციენტები, რომელთა ტესტის პასუხიც ცნობილი მოგვიანებით ხდება.

"90 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე სტაციონარულად, აქედან 17 არის რეანიმაციული, რეანიმაციულიდან კი 7 იმყოფება აპარატურული მხარდაჭერის ქვეშ. 7 პაციენტი გვყავს მიმღებში, საიდანაც 5-ს დადასტურებული აქვს ვირუსი. შესაბამისად, ეს 5 პაციენტიც მაღლა დაიკავებს თავისუფალ ადგილებს და სტაციონარული საწოლები იქნება სრულად შევსებული. ცხელების სივრცეში კი ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას", - აცხადებს კლინიკის დირექტორი ლუკა სალუქვაძე.

სალუქვაძის განცხადებით, დღის განმავლობაში, კლინიკიდან საშუალოდ 10 პაციენტი ეწერება. რაც შეეხება დამატებითი საწოლების მობილიზებას, საკითხთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ: "ამ ეტაპზე საწოლების დამატებით მობილიზება არ შეგვიძლია იმიტომ, რომ მატერიალურად, ტექნიკურად, ადამიანური რესურსით ვერ მოვახდენთ ამას".

80 კოვიდსაწოლია გამოყოფილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

"72 პაციენტია კოვიდ სამკურნალო განყოფილებებში. ცხელების ცენტრში საეჭვო და ალბათ რომ დადასტურდება ასეთი 12 პაციენტია მოთავსებული. ლიმიტირებულ 80 საწოლს გადააჭარბა უკვე და სარეზერვო ფონდიდანაა 4 საწოლი დამატებული. აქედან ,10 საწოლი გვაქვს რეანიმუაციულში, 12 კი ცხელების ზონაში. მიმდინარე პაციენტებისთვის ქირურგიის, ნევროლოგიის, კარდიოლოგიისა და ტრავმატოლოგიის კუთხით გვაქვს 46 საწოლი და სრულ ზღვარზე ვართ აქაც", - აცხადებს პაპუნა ბახტაძე.

კლინიკაში აცხადებენ, რომ სარეზერვო ფონდში 8 საწოლია, აქედან 4 უკვე გამოყენებულია, დანარჩენ 4-ის გამოყენება კი უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. "რომ დამძიმდა, რა ვუყოთ, ხომ არ მოკვდება კაცი?", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში კლინიკიდან საშუალოდ 4-დან 10-მდე პაციენტი ეწერება.

ორივე სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტები არიან მოთავსებული.

"შერჩევითია უკვე, სელექცია ხდება. გადარჩევის პრინციპი მოქმედებს პაციენტების მოთავსებისას", - აღნიშნა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები