რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები "ინტერტრანსისთვის" ყოველდღიურად შესატანი თანხის, 70 ლარის 10 ლარით შემცირებას მოითხოვენ.
როგორც ვარკეთილის სამარშრუტო ხაზის მძღოლები აცხადებენ, მგზავრთა ნაკადის შემცირებისა და 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე ამოქმედებული შეზღუდვის გამო, კომპანიისთვის ყოველდღიური შესატანის გადახდა უჭირთ.
მძღოლების განცხადებით,"ინტერტრანსში" მათი მოთხოვნების საპასუხოდ, მიკროავტობუსების გაჩერებისკენ მოუწოდეს და უთხრეს, რომ თანხის შემცირება არ მოხდება.
როდის აღდგება გადაადგილება რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია. კომპანია აღნიშნულ ხაზზე მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, სხვა სამარშრუტო ხაზებით ისარგებლონ.