"პლაკატები ცოტახნით დავუშვათ, გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე"

2020-10-19 17:47:53

რუსთავში არსებული საწარმოების "რუსელოისისა" და "ნიკა 2004-ის" ხელმძღვანელები, ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის, მედიატორობით ადგილობრივ აქტივისტებს შეხვდნენ.

საწარმოს დირექტორების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

"რუსელოისის" დირექტორის, ნუგზარ კევლიშვილის, თქმით, წლის ბოლომდე ჰაერის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდა 85%-დან 97%-მდე გაიზრდება.

"ნიკა 2004-ის" ხელმძღვანელის გიორგი ლეჟავას განცხადებით, 2021 წლის პირველი ნახევრისთვის საწარმოში გამწოვები დაყენდება, რომლისთვისაც, მისი თქმით, უკვე შეძენილია 60 000 ლარის ღირებულების მოწყობილობა/დანადგარები და ასევე ჩინეთთან გამწოვებისთვის 80 000 ლარის ხელშეკრულებაა გაფორმებული.

ორივე საწარმომ ქალაქის მიმართს სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, რომლის ფარგლებშიც "რუსელოისი"  მშენებლთა ქუჩაზე ახალ სტადიონს აშენებს, ხოლო "ნიკა 2004" მე-15, მე-17 და მე-19 მიკრორაიონებში 1000 ძირ ხეს დარგავს.

"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, უკვე დროა ეკოაქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები დაუშვან და მოხდეს კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმა. ბიზნესმა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ აპირებს, მისი საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას.

"ვიცით, რომ რუსთავში სამოქალაქო აქტივისტები ძალიან აქტიურად აპროტესტებენ ისეთი ბიზნესის მუშაობას, რომელიც გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენ დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა იმ კუთხით, რომ, ერთის მხრივ, შევხვდით როგორც სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ბიზნესს და ერთად ვისაუბრეთ, იმ მთავარ გამოწვევაზე, რომელიც დღეს რუსთავში გვაქვს.

მოვისმინეთ კონკრეტული ნაბიჯები, რას აპირებენ "რუსელოისი" და "ნიკა2004" თავისი საწარმოო პროექტის გაუმჯობესებას და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. ჩვენ კი ვიქნებით მედიატორები, როგორც საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პლატფორმებით, სხვადასხვა შესაძლებლობებით. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთმანეთთან კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდეთ. ერთ მაგიდასთან დავსხდებით, დროა, რომ დავუშვათ პლაკატები და გადავიდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, კონკრეტულ საქმეზე, წარმოადგინოს თითოეულმა ბიზნესმა ხედვა, როგორ აპირებს გააუმჯობესოს მისი საწარმოო პროცესი, იქამდე სანამ ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოს საფრთხე არ შეექმნება",- განაცხადა ნინო ლაცაბიძებ.

ბიზნესმენების განცხადებით, ისინი მზად არიან საწარმოს კარი სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გაუღონ, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, საწარმოო პროცესი დაათვალიერონ.

საწარმოს ხელმძღვანელებს უნდობლობას უცხადებს "გავიგუდეს" ეკოაქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე.

"ჩვენი სამ წლიანი გამოცდილებიდან დავინახეთ, რომ რეალურად რაღაცები შეიცვალა. პირდაპირ ვიტყვი თამამად, რომ ეს არის გავიგუდეს დამსახურება და იმ ადამიანების, ვინ ჩართულია ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, ჯეოსტილი როგორც 2018 წელს აფრქვევდა ისე ვეღარ აფქვევს, იმიტო რომ სამოქალაქო ზეწოლაა. აქედან გამომდინარე ნელი ნაბიჯებით მივდივართ წინ. მე, რა თქმა უნდა, უნდობლობას ვუცხადებ ამ ადამიანებს",- განაცხადა ნიკოლოზ მუსერიძემ.

მუსერიძის თქმით, ისინი დააკვირდებიან, რამდენად შეასრულებენ საწარმოები მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რამდენად იქნება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ქმედითი.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ მათ მოვალეობას, ეკოაქტივისტის თქმით, "გავიგუდეთ" ყველაფერს გააკეთებს, რომ მავნე მეწარმეებს ხელი შეუშალონ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები