როგორი იქნება ახალგაზრდობის სკვერი [photo]

2020-09-07 19:10:30

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ახალგაზრდობის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კონკურსი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, სკვერის რეაბილიტაციის პირველადი ღირებულება 1 882 602 ლარია. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.

პროექტით გათვალისწინებულია სკვერის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკებისა და ცხოველების სასეირნო ზონების, ასევე ბავშვების სათამაშო სივრცეების მოწყობა. სკვერში ატრაქციონების ზონა მოეწყობა როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ტერიოტირაზე განთავსებული იქნება სავარჯიშო და დასასვენებელი ზონები (ფანჩატურები), გარდა ამისა, სკვერში მოეწყობა სცენა კულტურული ღონისძიებებისათვის, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, დაიგება მწვანე ბალახის კორდი, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ღამის განათება. ასევე, სკვერში განთავსებული იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, თუ ყველაფერი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განხორციელდა, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

შგახსენებთ, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციას და ტერიტორიაზე არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის შეცვლას მიმდებარედ მცხოვრები რუსთაველები წლებია ითხოვენ. ერთ-ერთ გამოკითხვაშიც, რომელიც "ინფო რუსთავმა" ჩაატარა, სასურველ ინფრასტრუქტურულ პროექტად სწორედ ფალიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია სახელდებოდა.