კირკიტაძე "ქართული ოცნების" კანდიდატებს კონკურენტებად არ მიიჩნევს [video]

2020-07-06 15:38:23

"დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აუცილებლად ეყოლება კანდიდატი რუსთავის საარჩევნო ოლქში. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველების ხმა ისმოდეს პარლამნტში. ერთ-ერთი კანდიდატურა, რა თქმა უნდა, ვინც განიხილება, ვარ მეც. არის პროცედურები გასავლელი, რის შემდეგაც ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველ რიგში გაცნობებთ თქვენ", - ასე უპასუხა დავით კირკიტაძემ "ინფო რუსთავის" კითხვას, ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა, კირკიტაძის შეხედულებაზე "ქართული ოცნების" იმ 3 კანდიდატთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, მთავარი მოწინააღმდეგე მისთვის რუსთავში უიმედობა და გაჭირვება იქნება.

"რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ქალაქ რუსთავში იქნება ის ნიჰილიზმი, გაჭირვება და უიმედობა, რაც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა ამ წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავში და მთელს საქართველოში. ცნობილი გახდა, რომ 3 კანდიდატურა განიხილება, თუმცა ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი ქართული ოცნებიდან, მას მოუწევს იმ მძიმე  შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რა შეკითხვებიც დღეს აქვს მოსახლეობას", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის შეჩერებულ პროექტზე ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შევცვლით, პირველივე 6 თვეში დავასრულებთ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, - განაცხადა კირკიტაძემ. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ეს გზა დღემდე დაუსრულებელია, ნათლად აჩვენებს თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას რუსთაველებისადმი.

"დღეს გამოვხატავთ გაბრაზებული რუსთაველების პოზიციას. მათ გაბრაზების ბევრი მიზეზი აქვთ, მაგრამ დღეს ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას - ეს არის რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზა. მოგეხსენებათ 2012 წელს,“ ოცნებას“ დავუტოვეთ ამ გზის პროექტი, მოძიებული თანხა და გამარჯვებული კომპანია, რომელსაც უნდა დაეწყო სამუშაოები და 2014-ში დაესრულებინა გზა. თუმცა, დღეს ეს პროექტი მიტოვებულია, არ გაკეთებულა არაფერი. მთავრობას მოსვლის დღიდან, ყოველდღიურად 6 მეტრი გზა რომ დაეგო, ეს მონაკვეთი დღეს დასრულებული იქნებოდა",- განაცხადა დავით კირკიტაძემ.