რუსთავში, “ლელო საქართველოსთვის” ოფისი გაიხსნა. ოფისი მესხიშვილის #4-ში მდებარეობს.
ოფისის გახსნის შემდეგ, პარტიის ლიდერები ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში ადგილორბივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ "ლელოს" ხედვები გააცნეს.
შეხვედრაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს როგორც პარტიის ლიდერებმა, ისე ლელოს რუსთაველმა წევრებმა.
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა რუსთავში არსებულ იმ პრობლემებზე ყურადღება, რომელზეც გუშინ საუბარი "ინფო რუსთავთან" ექსკლუზიურ ინტევიუში ჰქონდა.
"რუსთავს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, ეს არის ინდუსტრიული კომპლექსი, რომლის მსგავსსაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანა ინატრებდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მოხდა ამ პოტენციალის გამოყენება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა იმისათვის, რომ რუსთავს დაუბრუნდეს ახალი სიცოცხლე. ვამზადებთ სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ რუსთავს დაუბრუნდეს ის ისტორიული ფუნქცია, რაც ჰქონდა", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ გამოცდილებას, რაც მან და მისი თანაგუნდელების ნაწილმა ბიზნესში დააგროვა, ამ ქალაქში სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების მოზიდვას მოახმარს.
ხაზარაძე რუსთავში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებისგან ამჯერადაც თავს იკავებს.