რუსთავში მეორეული საბურავების განთავსებისა და რეალიზაციის წესი იცვლება

2026-10-30 20:02:10

რუსთავში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნაწილებისა და ამტვერებადი თუ ადვილად აალებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესი იცვლება.

წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს.

ახალი რეგულაციის მთავარი მიზანი რუსთავის იერსახის მოწესრიგება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში კატეგორიულად იკრძალება დასახელებული მასალების ღიად განთავსება, დასაწყობება და ვაჭრობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში, ცენტრალურ გამზირებზე, გზისპირა ზოლებსა და ტროტუარებზე.

მსგავსი საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სამრეწველო ზონებში, სადაც დაცული უნდა იყოს შემდეგი სტანდარტები:

ვიზუალური იზოლაცია- ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი ღობით, რათა მასალები საზოგადოებრივი სივრციდან არ ჩანდეს.

უსაფრთხო შენახვა- ადვილად აალებადი და ამტვერებადი მასალები უნდა განთავსდეს დახურულ ან სპეციალური დამცავი საფარით გადახურულ სივრცეებში.

დაუშვებელია ტოქსიკური სითხეების (ზეთები, საწვავი) ნიადაგსა და ქალაქის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა.

რუსთავის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულ მოთხოვნებზე მონიტორინგს აქტიურად განახორციელებს. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება გაფრთხილებები და შესაბამისი ფულადი ჯარიმები.

ფიზიკური პირისთვის პირველად დარღვევაზე გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა, ხოლო განმეორებით დარღვევისთვის 1000 ლარიანი.

იურიდიული პირისთვის პირველად დარღვევაზე გათვალისწინებულია 1000-2000 ლარამდე ჯარიმა, ხოლო განმეორებით დარღვევისთვის 3000-5000 ლარამდე. 

დადგენილ ვადაში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, განხორციელდება მასალებისა და ტექნიკის იძულებითი კონფისკაცია.