გახმაურებული მკვლელობა რუსთავში [video]

2020-06-12 16:37:03

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც სახელმწიფო ბრალდების, ისე დაცვის მხარეც გაასაჩივრებს. [ვიდეო/video]

მსჯავრდებულ გიორგი ჭანტურიას უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ჭანტურია იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას არ აღიარებს. ასევე ბასიალაია აღნიშნავს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდების დამტკიცებას გიორგი ჭანტურიასთვის ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ცდილობდა.

„მოსამართლემ მადონა მაისურაძემ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გიორგი ჭანტურია ცნო უდანაშაულოდ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. იმთავისთვე ვაცხადებდით, რომ გიორგი ჭანტურიას არ აქვს ეს დანაშაული ჩადენილი და მის მიმართ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ცდილობდა პროკურატურა და შსს ბრალდების დამტკიცებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის. ეს იყო უმძიმესი ბრალდება და ამ უმძიმეს ბრალდებაში ჭანტურიას გამართლება არის სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება განაჩენის მეორე ნაწილს, რომელიც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, ამ ნაწილში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში საჩივარს წარადგენს“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

იმ შემთხვევაში, თუ ჭანტურია იარაღის ნაწილში ყველა ინსტანციამ დამნაშავედ სცნო, არსებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მას ციხეში, დაახლოებით, 4 წლის გატარება მოუწევს. როგორც ადვოკატი ბექა ბასიალაია აცხადებს, ის წლები, რომელიც ჭანტურიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, მოხდილად ითვლება.  

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ბრალდების მხარეც. პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულიად საკმარისი იყო ბრალის დასამტკიცებლად, თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ძალისხმევით, განადგურებული იყო მკვლელობის იარაღი.

„ბრალდების მხარეს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ სამსონ ქუთათელაძე მოკლა გიორგი ჭანტურიამ. თუმცა პირველმა ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა ბრალდებული. ბრალდების მხარე შეეცდება, კანონით დადგენილ ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ბრალდებულის ძალისხმევით საქმეში არ არსებობდა მკვლელობის იარაღი. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს, უკანასკნელად როგორ შევიდა ბაზრობის ადმინისტრაციაში სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიასთან ერთად. შემდგომ კი დაინახეს მოწმეებმა, თუ როგორ გამოვიდა ბრალდებული და დატოვა შემთხვევის ადგილი მანქანით. არის მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ დაინახეს ბრალდებული როგორ გამოვიდა და ხელში ეკავა იარაღი. ამის გარდა იყო ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ბრალდებულს მკვლელობამდე ეცვა სხვა ტანისამოსი, შემდეგ გამოიცვალა და გადამალა ტანისამოსი მკვლელობის იარაღთან ერთად. მოტივთან დაკავშირებით მოწმეები ადასტურებენ, რომ მას გააჩნდა ანგარებითი მოტივი. სწორედ ეს დაედო საფუძვლად შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულს“, – განაცხადა პროკურორმა, ირაკლი ჯალაღანიამ.

შეგახსენებთ, დღეს მოსამართლე მადონა მაისურაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ჭანტურია, იმავე წლის აგვისტოში რუსთავში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა. 2019 წლის 3 მაისს კი ის წინასწარი პატიმრობისთვის გათვალისწინებული 9 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული.