პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

2020-05-30 15:46:38

ორი ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციას ვერ წარადგენთ, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რეგისტრაციისთვის ბოლო შანსი კი გექნებათ ოცი აგვისტოდან ათი სექტემბრის ჩათვლით.
მეოთხე ეტაპზე, გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ, ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც წინა ეტაპებზე ვერ დაფიქსირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

"რეგისტრაცია ელექტრონულად განხორციელდება განათლების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამის შემდეგ, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, სკოლაში სავალდებულო დოკუმენტი წარადგინონ ელექტრონულად, ან მატერიალური სახით. ასევე, მოვუწოდებ მშობლებს რომ ეს პერიოდი თავიანთი შვილების დასარეგისტრირებისთვის გამოიყენონ,"- აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

• სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

• ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, ,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).