ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

2020-05-24 13:51:17

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ბასილაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“    ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  

სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.