როგორ ჩატარდება ფინალური გამოცდები

2020-05-20 10:57:29

საქართველოში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება.

იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.

ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის ასეთია:

გამოცდაზე სტუდენტების მიღებისას, ერთ სივრცეში დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ფართის 50%;

მაგიდების განლაგებისას გამოიყენება პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დასაშვებია მხოლოდ 1 ადამიანი;

არ დაიშვებიან საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

სტუდენტები მაგიდებთან არ უნდა განთავსდნენ ერთმანეთის პირისპირ;

საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენება ცვლებში მუშაობის რეჟიმი;

ყოველი ცვლის შემდეგ უნდა იყოს სანიტარული შესვენება;

სასწავლო დაწესებულებამ საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა განათავსოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერები, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.