რუსთავის ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

2020-05-20 10:09:38

რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაციის პროცესი 20 მაისს დაიწყო.

"ინფო რუსთავი" რეგისტრაციის თარიღის გარკვევის მიზნით ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა ააიპ "რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებას", სადაც აცხადებდნენ, რომ იმ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობდნენ.

რეგისტრაციის თარიღი კი მოულოდნელად, დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2 ეტაპად განხორციელდება:

პირველ ეტაპზე, რომელიც 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებებს ბავშვების ჩასარიცხად პრიორიტულად მიჩნეული კატეგორიიდან მიიღებს.

1- მრავალშვილიანი ოჯახი - ოთხი ან მეტი შვილი, ასევე მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმე დედაც. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები. დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.

2- დედმამიშვილები. განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

3- დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები.
წარმოადგინეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი,
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

4- მარტოხელა მშობლის შვილები.
წარმოადგინეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა იუსტიციის სახლიდან.

5- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები. მშობელმა უნდა წარმოადგინოს სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც განსაზღვრავს პირის სპეციალურ საჭიროებას. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

6- მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები
განცხადებას უნდა დაერთოს ხელშეკრულება, რომ ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.
მიმღები მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

7- ბაღის თანამშრომელთა შვილები. განცხადებას დაურთეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

განცხადების დასაწერად უნდა მიმბრძანდეთ რუსთავის მერიაში (კოსტავას ქ. N20) 10 საათიდან 18 საათამდე სამუშაო დღეებში.

5 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში განცხადებით ჩარიცხული ბავშვების მშობლებმა უშუალოდ არჩეულ ფილიალში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1- 2 ფოტოსურათი (3x4)

2- ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ გაცემული იუსტიციის სახლის ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულელებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.

3- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) , რომლის წარმოდგენის ვადაა 2020 წლის 10 სექტემბერი.

მეორე ეტაპი გათვალისწინებულია ყველა დანარჩენი ბავშვებისთვის.

ოთხივე ასაკობრივი ჯგუფისთვის ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნის დღის 11:00 საათიდან დაიწყება.

1- ბაგის (2-3 წლ) ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია ჩატარდება 11.00 საათზე.

2- 3-4 წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება 12.00 სთ-ზე.

3- 4-5 წლიანთა ასაკის რეგისტრაცია ჩატარდებაა 13.00სთ.ზე.
4- 5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში მსურველთა რეგისტრაცია ჩატარდება 14.00 საათზე.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ბაგა-ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

2. ორი ფოტოსურათი (3x4)

3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სახლის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს მიერ.

4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ჯანმრთელობის ცნობის წადგენა მშობელს შეუძლია 10 სექტემბრის ჩათვლით.

ჩარიცხული ბავშვების საბუთებს მიიღებს უშუალოდ ბაგა- ბაღის ადმინისტრაცია 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით.

რუსთავის ბაგა-ბაღები წელს 2375 აღსაზრდელის მიღებას შეძლებენ.