ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთლიანობაში ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული.
რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.
"თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და დადებითი პასუხი 16 ადამიანზე მივიღეთ. თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის გავრცელების 38 ფაქტია. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ, მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და მათთან საბედნიეროდ უარყოფითი პასუხია. დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის, ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ 40-ზე მეტი ადამიანია მკაცრ კარანტინში, დანარჩენები დარჩებიან თვითიზოლაციაში. ბოლნისში დაახლოებით 30 საკვლევი მასალიდან 2 ახალი ფაქტი დადასტურდა და ესეც ცნობილი კლასტერია - სავანეთის კლასტერი და აქაც ცნობილია კონტაქტები. ჯამში, ქვემო ქართლში 157 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, რუსთავში და მარნეულში დაავადების განვრცობა არ ყოფილა“- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.