თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა, დანარჩენი სოფელი გოლგეთიდან და წინწყაროდან.
არსებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.
კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 პირი.
ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
რაც შეეხება ბოლნისს, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები - ხატისოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.