ბოლნისში 2 სოფელი ჩაიკეტა

2020-04-25 12:46:55

ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.

„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები - ხატისოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

ხატისოფლისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას“, - ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.