უმუშევრად დარჩენილები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მაისიდან მიიღებენ, ათვლა კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მოხდება, ანუ 21 მარტიდან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სამსახური დაკარგა და აღარ აქვს შემოსავალი, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 1200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ანუ ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას. მათ შორის არიან უხელფასო შვებულებაში გაშვებულები.