პრემიერი ქუჩაში მანქანების სიმრავლეზე საუბრობს

2020-04-24 16:40:07

სპეციალურ ბრიფინგზე, მთავრობის მეთაურმა, ქუჩაში ავტომობილების სიმრავლეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონტროლის ინსტრუმენტები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც თითოეულ ჩვენგანს ჰგონია.

“ნაწილობრივ გასაგებია ჩემთვის, ობიექტურიც არის. როდესაც არის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, რა თქმა უნდა, მიგაჩნია, რომ არასამართლიანია, მესმის, მეც ასე მიმაჩნია. მაგრამ, სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც თითოეულ ჩვენგანს ჰგონია.

მეორე მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერება არ შეიძლება, სასურსათო მაღაზიების გამყიდველებიდან დაწყებული, სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ დაემატა ასობით საინკასაციო მანქანა, რომ პენსიები დაგროვდეს.

აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ეკლესიებამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც, ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეიპიდემიას, პანდემიას, ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარებულიყო ”