Covid19-ით ინფიცირებული 9 თვის ბავშვია

2020-04-14 10:59:32

კორონავირუსი 9 თვის ბავშვს დაუდასტურდა, ის ერთ-ერთია აჭარაში ინფიცირებულთა შორის. მცირეწლოვანი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია.

მასთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს 5 წლის ბავშვი და ქალიც, რომელსაც ასევე კორნავირუსი აქვს.

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ხუთივე ინფიცირებული სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მათ შორის ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ქობულეთის ე.წ კლასტერთან კონტაქტში მყოფი 350 ადამიანი გამოიკვეთა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფლებთან მისასვლელ გზებზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.