ეკლესია და კორონავირუსი

2020-04-13 18:46:21

პანდემიის ფონზე, აზრთასხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიებში ღვთისმსახურება უნდა ტარდებოდეს მრევლით თუ მრევლის გარეშე, არის თუ არა მისაღები, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები ნაკლებად ეხება ტაძრებს. აქტიურად განიხილება, ასევე ის თუ როგორ შეხვდებიან მორწმუნეები მოახლოებულ დღესასწაულებს. 

რუსთაველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე რუსთავში მოღვაწე სასულიერო პირები. 

"ინფო რუსთავი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთავის ხარების ტაძარის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილს ესაუბრა.

- პირველ რიგში, გკითხავთ, შემცირებულია თუ არა მრევლის დასწრება წირვა-ლოცვებზე, ხომ არ იჩენენ მორწმუნეების სიფრთხილეს?

ვერ ვიტყოდი, რომ უფრო ნაკლები ხალხი მოდის მსახურებაზე. ჩვენ პირობები გაგვიუარესდა: ქარში, წვიმასა და სიცივეში უწევს მრევლს ეზოში დგომა, თორემ ოჯახებით მოდიან , ზოგს რამდენიმე გზის გაკეთება უწევს, რომ ოჯახის ყველა წევრი მოიყვანოს მანქანით. ბევრი ფეხით მოდის ტაძრამდე. ახლა დიდი მარხვაა, ხანგრძლივი მსახურებებია, მაგრამ  ტრანსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, მრევლი ინტენსიურად ესწრება წირვა-ლოცვებს და ეზიარება. არიან ისინიც, ვინც  თავს შეუძლოდ გრძნობენ და სხვას უფრთხილდებიან, სახლში რჩებიან. ისეთებიც არიან, ვინვ თავს უფრთხილდება და ურჩევნია, შინ დაელოდოს პანდემიის დასასრულს.

- თუ იცავენ რუსთავის ხარების ტაძარში სოციალურ დისტანციას და ვინ აკონტროლებს რეკომენდაციების შესრულებას? 

ვცდილობთ, დავიცვათ დისტანცია. რადგან ტაძარი პატარაა, მრევლი ეზოში დგას ერთმანეთისგან მოშორებით. ზიარებისა და ჯვარზე მთხვევის რიგს სტიქაროსნები აწესრიგებენ.

- რას ფიქრობთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტზე იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესია არ ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებით დაწესებულ შეზღუდვებს?

მე ვფიქრობ,საზოგადოების მაგ ნაწილს ჯიუტად არ უნდა დაინახოს, რომ ეკლესიაში ყველაზე ზედმიწევნითაა დაცული ყველა რეკომენდაცია.

- თქვენი აზრით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ ეკლესია შესაძლოა გახდეს ვირუსის მასობრივი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი? 

ვირუსით დაავადდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები და არავის უთქვამს, რომ ეროვნული ბანკი  ვირუსის მასობრივი გავრცელების კერაა. ზუგდიდში ერთ-ერთი სექტის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ვირუსი და არავის უთქვამს, რომ ის სექტა გავრცელების კერაა. ჟურნალისტებს, ექიმებს ჰქონდათ ვირუსი და არავინ ამბობს, რომ ტელევიზია და კლინიკები ვირუსის გავრცელების კერებია. ეკლესიიდან ვირუსი არ გავრცელებულა და თუ ვინმეს სურვილი აქვს, ილაპარაკოს, რომ ეკლესია არის ვირუსის გავრცელების კერა. ადამიანებს პირზე კლიტეს ვერავინ დაადებს.

- ჩატარდება თუ არა თქვენს ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია მრევლის თანდასწრებით, კომენდანტის საათის მოქმედების დროს?

ჩვენს ტაძარშიც და ყველგანაც სააღდგომო მსახურება ჩატარდება ისე, როგორც გვაკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

- აღდგომის დღესასწაული მოახლოვდა, რას ურჩევთ საზოგადოებას მრავალწლოვან ტრადიციასთან, სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით? 

სასაფლაოზე ზოგი აღდგომას გადის, ზოგი ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, მიცვალებულთა ხსენებაა კვირაცხოვლობის შემდეგ, სამშაბათს. ვინც როგორ მოახერხებს, ისე გავა საფლავზე.

- და ბოლოს, ითქვა, რომ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩაუტარდეს სამღვდელოებას, რა აზრის ხართ, ჩაიტარებთ თუ არა ტესტს?

მაგის შესახებ ჩვენთვის არავის შეუტყობინებია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები