კორონავირუსის გამოჩენიდან უკვე მეოთხე თვე გადის და საინტერესოა სტატისტიკურად, როდიდან დაიწყო მსოფლიოში ვირუსის სწრაფი გავრცელება, როდის მიაღწიეს ქვეყნებმა პიკს, რამდენი ხანი გრძელდებოდა ან გრძელდება, რამდენი ადამიანი შეიწირა.
ამ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს განვიხილავთ იმ 5 ქვეყნის მაგალითზე, რომლებშიც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 70%-ზე მეტია დაფიქსირებული.
1. ამერიკა- ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამერიკაში ამ დროისთვის 740 152 ინფიცირებულია, ხოლო 39 068 გარდაცვლილი. ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 იანვარს დადასტურდა. 10 მარტისთვის ამერიკაში 780 ინფიცირებული იყო. 11 მარტს კი ვირუსმა შედარებით სწრაფი გავრცელება დაიწყო და ერთ კვირაში რიცხვი 8-ჯერ გაიზარდა. შემდეგ ერთ კვირაში კიდევ 8-ჯერ და ინფიცირებულთა რიცხვი 65 800 გახდა. კიდევ ერთ კვირაში გაოთხმაგდა. მას შემდეგ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეული ათასით იზრდება. ყველაზე მეტი ინფიცირებული, 35 ათასზე მეტი, 10 აპრილს გამოვლინდა. მარტის შუა რიცხვებიდანვე დაიწყო გარდაცვლილთა სწრაფი ზრდა და თვის ბოლოსთვის 3000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა COVID19-მა ამერიკაში. კიდევ 12 დღეში კი გარდაცვლილთა რიცხვი 7-ჯერ გაიზარდა და ყველა ქვეყნის მაჩვენებელს გადაუსწრო. უკვე ერთი თვეა, რაც ამერიკაში ვირუსი სწრაფი ტემპით იზრდება და ჯერ კიდევ არ ჩანს ნიშნები, რომ ქვეყანამ პიკს მიაღწია და მრუდიც ზრდას განაგრძობს. კორონავირუსის გამოსავლენად ამერიკაში ტესტირება სულ 3 732 979 ადამიანს ჩაუტარდა.
2. ესპანეთი- კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ესპანეთმა ევროპაში იტალიას ადგილი გაუცვალა და ახლა კონტინეტზე ყველაზე მეტი ინფიცირებული, 195 944, და გარდაცვლილი, 20 453, ჰყავს. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანამ 31იანვარს დაადასტურა. მრუდმა სწრაფი ზრდა აქაც მარტის თვეში დაიწყო. 28 მარტისთვის ერთ დღეში ყველაზე მეტი, 9 ათასამდე, ინფიცირება გამოვლინდა, მას შემდეგ ინფიცირებულთა დადასტურებული ყოველდღიურად იკლებს. ყველაზე მეტი გარდაცვალება 2 აპრილს დაფიქსირდა, 961, რაც ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, პიკი აღმოჩნდა. მას შემდეგ კი ფატალურმა შემთხვევებმაც იკლო. ესპანეთში ტესტირება 930 230 ადამიანს ჩაუტარდა.
3. იტალია- ამერიკის შემდეგ ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული, 23 227, ხოლო ინფიცირებულია 175 925 ადამიანი. ჩინეთის შემდეგ იტალია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ვირუსი აფეთქდა და მოვლენები დრამატულად განვითარდა. პირველი ინფიცირება იტალიამ 31 იანვარს დაადასტურა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა სწრაფი ზრდა კი მარტის პირველივე დღიდან დაიწყო და ყოველ კვირას ეს რიცხვი რამდენჯერმე იზრდებოდა. 21 მარტს კი ერთ დღეში 6000-ზე მეტი ინფიცირება დადასტურდა. 27 მარტს კი გარდაცვალების ყველაზემეტი, 1000, შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ ფატალური შემთხვევები კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულებისას უსწრებს, რაც იმედს აძლევს იტალიას, რომ მათ პიკს უკვე მიაღწიეს და ვირუსის ახალი შემთხვევები კლებისკენ წამოვა. ვირუსზე ტესტირება საერთო რაოდენობით 1 305 833 ადამიანს ჩაუტარდა.
4. საფრანგეთი- ქვეყანაში ახალი ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 24 იანვარს დადასტურდა, ამ დროისთვის კი 151 793 დადასტურებული შეემთხვევა და 19 323 გარდაცვალებაა. 22 მარტამდე საფრანგეთი სიტუაციას აკონტროლებდა, მას შემდეგ ვირუსმა სწრაფი გავრცელება დაიწყო და 3 აპრილს ინფიცირებულთა 23 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 6 აპირილს, ერთ დღეში, ვირუსს 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთში ვირუსის გავრცელება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც კლებულობს. ვირუსზე 463 662 ადამიანი გაიტესტა.
5. გერმანია- გერმანია კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის მართვის კარგ მაგალითად მიიჩნევა. პირველი COVID19-ით ინფიცირებუს შემთხვევა გერმანიამ 27 იანვარს დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა 144 348 ინფიცირებული ჰყავთ, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, საერთო ჯამში 4 547, აქვთ. თითქმის ორი თვის განმავლობაში ქვეყანამ ვირუსის შეკავება შეძლო, თუმცა ვირუსმა სწრაფი ზრდა მარტის ბოლოსკენ დაიწყო და ყველაზე მეტი ინფიცირებული ერთ დღეში 27 მარტს, 7000-მდე, დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე რამდენიმე ათასით იზრდება. თუმცა ბოლო დღეებში კლება აქაც შეიმჩნევა. კლებაა ასევე გარდაცვალების პუნქტშიც. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ერთ დღეში, 333, 8 აპრილს დაფიქსირდა. ასევე დადასტურებული ინფცირებულთა 50% ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულია. საერთო ჯამში გერმანიაში კორონავირუსის დასადგენად ტესტირება 1 728 357 ადამიანს ჩაუტარდა.
ამერიკის გარდა, ოთხივე ევროპული ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების დაწყებიდან ერთი თვის თავზე ამ ქვეყნებმა პიკს მიაღწიეს და ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კლებისკენ წამოვიდა. თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები ეს ადამიანებზეა დამოკიდებული.