ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2020-04-13 13:08:21

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.