ბზის შეძენისას მოქალაქეებმა ადგილწარმოების შესახებ ცნობა უნდა მოითხოვონ და რამე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ დარეკონ, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტრადიციულად, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ქოთნებში გამოზრდილი ან ოჯახურ გარემოში გამოყვანილი ბზა შეიძინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები დაეკისრებათ.
„ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთ დროს თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ქმედება და დახმარება მნიშვნელოვანია. რამე დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153, უნდა დარეკონ.