რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეამოწმეს

2020-04-07 15:40:12

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ეკონომიკის სამინოსტრომ შეამოწმა, იცავდა თუ არა საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით რუსთავის მეტალურგია სანიმუშოდ იცავს ყველა დადგენილ წესს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ფოლადი 1 500 ადამიანს ასაქმებს და საკმაოდ დიდი სამუშაო ჰქონდათ გასატარებელი, მათ მოახერხეს და მოკლე ვადებში მიაღწიეს იმას, რომ სანიმუშოდ იცავენ ყველა დადგენილ წესს. მათ შორის, ჰყავთ ავტობუსები, რომლითაც მათი მუშები გადაადგილდებიან. ისინი ტრანსპორტში სხდებიან ჭადრაკისებურად და არა უმეტეს 10 ადამიანისა. ყველგან არის სადეზინფექციო ხსნარები, დისპენსერები, ტარდება დეზინფექცია და პირბადეებითა და ხელთათმანებით არიან უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ 1 500 ადამიანიდან 300 თანამშრომელი, ძირითადად ადმინისტრაცია, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ამ დრომდე შემოწმების პროცესში ხარვეზები ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა შემოწმება გრძელდება",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექციამ, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობამ, ასევე მუნიციპალური ინსპექციები, გაერთიანებული ძალებით ქვეყნის მასშტაბით საწარმოების ინტესიური შემოწმება დაიწყეს.

შემოწმება რუსთავის ტერიტორიაზე არსებული სხვა საწარმოებსაც ჩაუტარდებათ, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობაში ეკონომიკური საქმიანობის უფლება მთავრობამ მისცა.