მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

2020-04-07 13:34:51

" მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ მრევლის გულებში ღმერთი შობილიყო. ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ეკლესიაში ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

"ჩვენც ჩვენი მხრიდან ყველამ ერთად მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა, დაუთმო და დღესაც აგრელებს სწორედ იმას, რომ ჩვენს გულებში, საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი და რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის გზას", — განაცხადა მან.

მანამდე მეუფე შიომ ქადაგებისას დღვანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ჩვენს გულსა და გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული, ის მიიღებს თუ არა ისესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე, რადგან იცით, ადამიანი უფლის ტაძარია“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

მისივე თქმით, დღეს ეკლესია ღვთისმშობლის მშობლებსაც იხსენებს: წმინდა იოაკიმესა და ანას, რომელთაც უამრავი განსაცდელი გამოიარეს და რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მათ განსაცდელებთან შედარებით.

„რატომ ხდება ასე? იმისთვის, რომ უფალი ჩვენს გულში იშვას, ეს დიდი სულიერი ბროლის, განსაცდელების შედეგად ხდება. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. ამის მაგალითია წმინდა იოაკიმე და ანა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.