კორონავირუსის ახალი შემთხვევები ქვემო ქართლში

2020-04-06 16:30:07

"რეგიონში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 23-მდე გაიზარდა", - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. 

რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში ინფიცირება დაუდასტურდა კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეს. მეორე შემთხვევა კი მარნეულში დაფიქსირდა.

"დაგვემატა 2 დადასტურებული ფაქტი, 1 ბოლნისში და 1 მარნეულში. ქვემო ბოლნისში გარდაცვლილი ასაკოვანი ქალის მეუღლეს, 87 წლის მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება და გადაყვანილია თბილისში, კლინიკაში. რაც შეეხება მეორე ფაქტს, მარნეულში, აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელი კირაჩმუღანლოში დაუდგინდა ინფიცირებული ქალბატონს. ცნობილია, რომ დაახლოებით 13 მარტიდან აქვს საზღვრის კვეთა. მასი კონტაქტების დადგენა ამ დრომდე გრძელდება. 25 ადამიანი, ვინც სავარაუდო მჭიდრო კომუნიკაციაში იყო მასთან, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება", - განაცხადა რეხვიაშვილმა. 

რწმუნებულის ინფორმაციით, რუსთავში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი უცვლელია. რაც შეეხება იზოლაციაში მყოფ პირებს, მათ ვირუსისთვის დამახასიატებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

რწმუნებულის ცნობით, ამ დროისთვის რეგიონში 9 ჰოსპიტალი, 60 სასუნთქი აპარატი, 68 ბოქსირებული პალატა, ცხელებთ მომართვიანობისთვის 98, საერთო ჯამში კი 487 საწოლია მობილიზებული.