ჩვენ კარგად გვესმის, რა დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს ამ რეგულაციამ, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 პირში უნდა შედიოდეს მცირეწლოვანი ბავშვიც. თუმცა ის უპირველესი ამოცანა და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული - თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა - გადაწონის ამ შეზღუდვებით გამოწვეულ დისკომფორტს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.
„დღემდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 300-ზე მეტი ფიზიკური და 15-მდე იურიდიული პირი დააჯარიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს შეზღუდვების დარღვევა. მნიშვნელოვანია ,რომ გამკაცრებული რეგულაციების პირობებში უფრო მეტად უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს და სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მაქსიმალურად დავიცვათ შეზღუდვები, რომლებიც დაგვიწესა სახელმწიფომ.
გამკაცრებული რეგულაციების ფარგლებში 3 პირზე მეტის შეკრება საჯარო სივრცეში აკრძალულია და არანაირი მნიშნველობა არ აქვს, რა მიზნით ხდება ეს შეკრება. ერთადერთი გამონაკლისი მარკეტებს და აფთიაქებს ეხება, თუმცა იმ დათქმით, რომ 2-მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული. პრეზიდენტის დეკრეტში გაწერილია, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, პირველ ჯერზე განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისთვის. თუ იგივე ფაქტი განმეორდება, ეს დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
აქტიურად მიმდინარეობს ავტომობილში მსხდომი პირების რაოდენობის კონტროლი. ეს აკრძალვა ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე, ვინც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდება. ამასთან ერთად, 2 ადამიანი ავტომობილის უკანა სავარძელზე უნდა იყოს განთავსებული. ჩვენ კარგად გვესმის, რა დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს ამ რეგულაციამ, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 პირში უნდა შედიოდეს მცირეწლოვანი ბავშვიც. თუმცა ის უპირველესი ამოცანა და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული - თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა - გადაწონის ამ შეზღუდვებით გამოწვეულ დისკომფორტს“, - განაცხადა ცაციაშვილმა.