მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
კლინიკის დირექტორმა ტატა შენგელაიამ "ინფო რუსთავს" განუცახადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული 2 დაინფიცირებული ქალბატონიდან 1 ბოლნისის, 1 კი მარნეულის მკვიდრია. მათი მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა.
კლინიკის დირეტორის ინფორმაციით, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ბოლნისიდანაა, 10 დღის წინ კონტაქტი ჰქონდა აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ პირთან, მეორეს დაინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ერთ-ერთ დაინფიცირებულ ქალბატონს 5 დღის წინ თერმო სკრინინგი ჩაუტარდა, თუმცა სიმპტომები არ გამოვლენია.
"დღვანდელი ფაქტი იყო ასეთი შემთხვევა, რომ 25 მარტს თერმო სკრინინგით შემოწმდა ეს ადამიანი, მაშინ სიმპტომატიკა არ იყო, გუშინ კი დაეწყო სიმპტომების გამოვლენა", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
კორონავირუსი ორ ქალს დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, დაუდგინდა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების ჯგუფს ელოდებიან, რომლებიც დაინფიცირებულ ქალებს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება 2200-ზე მეტ ადამიანს უკვე ჩაუტარდა და აქედან 110 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამასთან, იმნაძემ მარნეულში მომუშავე ექიმებს კორონავირუსის პრევენციის სამუშაოებში გამოვლენილი პროფესიონალიზმისათვის მადლობა გადაუხადა.
„ბოლო მონაცემებით, ეს არის 110 შემთხვევა. ეს 110 შემთხვევა არის 2200-ზე მეტი ტესტირებულიდან მიღებული, რომ ვიცოდეთ. დღეისათვის 2200 ადამიანი არის გატესტილი „პისიარ“ მეთოდით.
აქვე დავამატებ სოფლის ექიმებზე. მე პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მშვენივრად თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა ის, რაც ეწერა ჩვენს გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა, ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ცენტრის ჯანდაცვის დირექტორი, ქალბატონი, მაკა, რომელთანაც ასევე პერსონალური ტრენინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ ისევ მათი დახარებით, დავადგინეთ ძალიან ბევრი მათი კონტაქტები და ეს კონტაქტები იყო ათეულობით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.