„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას შეთავაზებით მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაში.
„გასულ ორშაბათს ენმ-მ დაიწყო საქართველოს იმ მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში არიან ჩარჩენილები, არ აქვთ არავითარი სახსრები, ფაქტობრივად, ქუჩაში არიან დარჩენილები და სამშობლოში დაბრუნება სურთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პრეზედენტმა სააკაშვილმა მოიძია უკრაინული ავიაკომპანია და სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, უფასო ჩარტერული რეისებით დაბრუნდნენ სამშობლოში.
ვაშაძის განცხადებით, მათ უკვე მიიღეს 3 000-მდე შეტყობინება და შეუძლიათ 31 მარტიდან 4 რეისი შეასრულონ. 31 მარტს – ვარშავა-კიევი-თბილისი, 1 აპრილს – ბერლინი და რომი, 2 აპრილს კი – ბარსელონა.
„დაახლოებით საქართველოს 1000 მოქალაქის ჩამოყვანას შევძლებთ, მაგრამ ჩვენ ვერ განვახორციელებთ ხელისუფლების ჩარევისა და პასუხისმგებლობის გარეშე”, - აცხადებს ვაშაძე.
ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ საჭიროა კორიდორი, ფრენის ნებართვა, საელჩოებისა და საკონსულოების მობილიზება. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი, სამედიცინო სერვისი. „უნდა გამოვიყვანოთ, ბავშვიანი ოჯახები და ისინი, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან”.