საგუშაგო რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე [video]

2020-03-23 12:40:26

მარნეულის მუნიციპალიტეტის 4-ვე შესასვლელი ჩაკეტილია. ერთ-ერთი საგუშაგო განთავსებულია რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ძველი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე. [ვიდეო/video]

აღნიშნულ მონაკვეთზე, მარნეულში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება. ე.წ. საზღვრის გავლის საშუალება ეძლევათ მხოლოდ იმ ადამაინებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, გარკვეული მიზეზების გამო საგუშაგოს მიღმა დარჩნენ და მარნეულში შესვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნდებიან.

განსაკუთრებული სიმკაცრით კონტროლდება მარნეულის მუნიციპალიტეტის დატოვება. ამ ეტაპზე, ხელოვნურად მოწყობილი ბარიერის გადმოლახვის საშუალება მხოლოდ სატრანზიტო ავტომობილებს ეძლევათ. სატრანსპორტო საშუალებებს საგუშაგოს დატოვებამდე სადეზინფექციო სამუშაოები უტარდებათ.

"ინფო რუსთავს" უკავშირდებიან კითხვით, იმ შემთხვევაში, თუ მიემართება მგზავრი წითელი ხიდის მიმართულებით, შეძლებს თუ არა აღნიშნულ ლოკაციაზე მოწყობილი ე.წ. საზღვრის გავლას. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ამ ლოკაციაზე გადაადგილება შეეზღუდება ნებისმიერი მიმართულებით მოძრავ მგზავრს.

რუსთავი-წითელი ხიდის საგუშაგოს სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ.