მარნეული და ბოლნისი იკეტება

2020-03-23 00:37:15

მარნეულის და ბოლნისი მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ - ამის შესახებ მთავრობის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ - "დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად. ასევე, ჩევნ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცემთ შესაძლებლობა სსასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების".

პრემიერ-მინისტრის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. "მარნეულსა და ბოლნისში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შეზღუდვები არ შეეხება ადგილორბივ მედია სააუალებებს, რაც შეეხება არაადგილობრივ მედიებს, მათ მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ექნებათ.