ბრალდებულმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2020-03-22 12:18:21

მიმდინარე წლის 18 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული შ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს.-მ ქალაქ ვანში სუპერ მარკეტ "მაგნიტი"-ს მოლარე-ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ფულადი თანხა გასტაცა.
სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა.