სახელმწიფოს კორონავირუსზე ერთი კვლევის ჩატარება 350 ლარიდან 400-მდე უჯდება, ეს არის თვითღირებულება და მასში არ შედის ხელფასებისა და ტრანსპორტირების ფასი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით ქვეყანაში გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებისა და რესპირატპორული დაავადების შემთხვევები მომატებულია, გაზრდილია მიმართვიანობაც.
"მარტის მეორე კვირაში, უკვე გვაქვს ოდნავ, არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, ზრდა მიმართვიანობის გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე გადათვლით. ასევე მძიმე და მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ მეორე მძიმე ტალღა გრიპის არ მივიღოთ ქვეყანაში. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით კორონავირუსზე ვრცელდება გრიპზეც"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.
გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. მისი თქმით, ამ ტესტებს საქართველოს ჩინეთი გადმოსცემს.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გაზრდილა და კვლავ 15 ინფიცირებული რჩება.
ლუგარში გადაგზავნილია 23 ნიმუში, რომელზეც პასუხი მოგვიანებით იქნება.