ძიძიგური დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივაზე

2020-03-10 12:25:05

"არჩევნებზე ადამიანის ძალით წაყვანა უკვე არ არის არჩევანი,"- ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელების და ამჯერად დამოუკიდებელი დეპუტატების იდეა საყოველთაო-სავალდებულო არჩევნებზე არ მოსწონს. მისი განმარტებით, ადამიანი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, თავის პოლიტიკურ ნებას გამოხატავს.

"ძალით არჩევნებზე ადამიანის წაყვანა უკვე არ არის არჩევანი. არჩევანი მაშინაა, როცა მიდიხარ შენით და ამა თუ იმ კანდიდატს ან პარტიას ირჩევ. ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ამომრჩეველზე ასეთი ტიპის ზემოქმედება", — განაცხდა მან.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების პერიოდში ითხოვდნენ, რომ გარდა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა, სავალდებულო გამხდარიყო არჩევნებში მონაწილეობა. ამ აზრის არგათვალისწინების გამო ისინი ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერაზეც ყოყმანობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ ახალ საარჩევნოს სიტემას ხმას მისცემენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.