საქართველოს მთავრობამ იტალიაში ორი თვითმფრინავი გაგზავნა, რათა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავები, რომლებითაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან, კარგად არის აღჭურვილი, აქვთ შესაბამისი ეკიპირება, ბორტზე არის ყველა საჭირო ნივთი, რათა ადამიანები უსაფრთხოდ და არსებული პროტოკოლით დაბრუნდნენ საქართველოში.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ მოქალაქეების ტრანსპორტებას, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი იტალიის მიმართულებაზე, მოახდენს საქართველოს მთავრობა, რადგან პირდაპირი რეისები არ არის. დღეს ჩვეულებრივი სტანდარტული შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგებთან საავიაციო სამსახურებიდან, განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით უახლოესი გეგმები, მათ შორის დავათვალიერეთ თვითმფრინავების მზადების პროცესი. დღეს მოხდება მათი ტრანსპორტირება იტალიიდან საქართველოში. ალბათ ადევნებთ თვალს სხვადასხვა მედიასაშუალებას, არც ერთ ქვეყანას ასეთი მეთოდით თავისი მოქალაქეები არ გამოჰყავს. საქართველო ერთადერთი თუ არა, შემიძლია ვთქვა იმ მცირე ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ასეთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული“– განაცხადა ხვთისიაშვილმა.
ამ ეტაპზე იტალიაში საქართველოს 200 მოქალაქე ელოდება თვითმფრინავებს, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს თითოეული მოქალაქე სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლის.