მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვებ.გვერდზე StopCov.ge მოსახლეობის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებია გამოქვეყნებული.
"ინფო რუსთავი" ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ კითხვებსა და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
ახალი კორონავირუსის სიმპტომები ძირითადად ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით,თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.
მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ:
გაქვთ ტემპერატურა, ხველა,სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.
ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ : ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;
მოქალქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს.
როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს?
კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.
გადაეცემა თუ არა ახალი კორონავირუსი ამანათთან შეხებით?
ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.
რატომ არის ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი და რატომ გაიზარდა მისი ფასი?
ახალი კორონავირუსის გამო გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, რამაც მსოფლიოში გამოიწვია დეფიციტისა და ფასის პრობლემა. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.
როგორ ხდება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა ღირს?
სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი ) ტარდება , თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
გაიცემა თუ არა ცნობა იზოლაციაში მყოფი პირისთვის სამსახურში წარსადგენად?
თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
რომელი ქვეყნებია მიჩნეული ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად?
ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა.
როგორია ზოგადი რეკომედაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად?
ძირითადი რეკომენდაციებია: ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/ თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.