დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 319 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას, აქედან დადასტურებულია ინფექციის 12 შემთხვევა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გუშინ ლუგარში იყო 39 პაციენტის ანალიზები გამოკვლეული, აქედან სამ შემთხვევაში პასუხი არის დადებითი.
„ყველა ეს შემთხვევა საქართველოში დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით და ორი არის დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი, 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე უპასუხა მის შვილთან, ნიკოლოზ გამყრელიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისი შვილი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, კონტაქტში იყო იმ კლასტერთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა.
მისივე თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლაციაში.
„დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები და იმყოფებოდნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეოწინლად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმიდნარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.