საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2020-03-05 11:05:26

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ახალი, მეოთხე შემთხვევა, დაადასტურა.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც 44 წლის მამაკაცია, ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა. მან ინფექციურ საავადმყოფოს გუშინ დილით მაღალი სიცხის გამო მიმართა. ლუგარში გადაგზავნილი ტესტით მას კორონავირუსი დაუდგინდა.

შეგახსენებთ პირველად კორონავირუსით ინფიცირება საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 51 წლის მამაკაცი აზერბაიჯანის გავლით ირანიდან ჩამოვიდა. გარდა ამისა ახალი ვირუსით ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე იტალიაში.

საქართველოში მყოფი ოთხივე ინფიცირებული ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეოთხეს მდგომარეობა, ამირან გამყრელიძის თქმით, უფრო მეტად საყურადღებოა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.